A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

ესოსის კონტინენტზე მოსახლე ერთ-ერთი ხალხი. სხვა ხალხებისგან განსხვავებით, მომთაბარეები არიან. ერთდაერთი ქალაქი აქვთ - წმინდა ქალაქი ვეის დოთრაკი. მდებარეობს ე.წ. "დოთრაკიულ ზღვაში", უზარმაზარ სტეპში "მთების დედის" მახლობლად.

დოთრაკიელების კულტურა და ცხოვრება მთლიანად ცხენებთანაა დაკავშირებული. საკუთარ თავს ცხენების მბრძანებლებს უწოდებენ. სახელწოდება დოთრაკიელიც ზმნა "Dothralath"-იდან მოდის, რაც მათ ენაზე ცხენით სვლას ნიშნავს.

მათი წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მარტინი მხოლოდ ერთხელ ახსენებს, რომ დოთრაკიელები ძალიან გვანან ესოსის დას-აღმ-ით, მონათვაჭრების სანაპიროზე მცხოვრებ ლჰაზარიანებს.

გამოირჩევიან მუქ-წითელი კანითა და ვიწროდ გაჭრილი თვალებით. მამაკაცები გრძელ, ჩამოშვებულ ულვაშებსა და კიდევ უფრო გრძელ, უკან შეკრულ ნაწნავს ატარებენ. ბრძოლაში დამარცხებულ დოთრაკიელს ნაწნავს აჭრიან. ანუ, ყველაზე გრძელი ნაწნავი უამრავ ბრძოლაში გამარჯვების და არცერთი წაგებული ორთაბრძოლის ნიშანია.

დოთრაკიელები ისტორიულ ასპარეზზე ვალარიის დაღუპვის შემდეგ გამოჩდნენ(ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ვალარიელების დრაკონების ეშინოდათ), ვესტეროსში ტარგარიენების შემოჭრამდე 150-200 წლით ადრე, როცა ესოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე თავდასხმები დაიწყეს. მათი შეტევის ძირითადი მიმართულება იყო ქალაქი კვოხორი და მიმდებარე მიწები. საბოლოოდ, კხალ ტემმოს 50.000 არმიის დამარცხება მხოლოდ ე.წ. "უზადოებმა" შეძლეს კვოხორის კედლებთან.

დოთრაკიელები ტომებად ცხოვრობენ და ასეთ ტომს კხალასარი ეწოდება. დიდ კხალასარში შეიძლება 100.000 მხედარიც შედიოდეს. მაგრამ კხალასარებად დაყოფა პირობითია. კხალასარის ბელადის - კხალის დაღუპვის შემთხვევაში კხალასარები ადვილად იშლებიან ან სხვა კხალასარებს ერწყმიან. კხალასარს არჩევითი ბელადი განაგებს და მას კხალი ქვია, მის ცოლს - კხალისი, მის პირველ ძეს და მემკვიდრეს - კხალაკა, მის გარემოცვაში მყოფ მხედრებს - სისხლისმიერი მხედრები, რომლებიც უფრო საძმოს წარმოადგენენ, ვიდრე კხალის უბრალო მცველებს. კხალის დაღუპვის შემთხვევაში მისი სისხლისმიერი მხედრები თავს იკლავენ. ომში მოპოვებულ ნადავლში, იარაღში, მონებსა და ქალებში, ყველას თანაბარი წილი ეკუთვნის. მხოლოდ ცხენებია გამონაკლისი. ბრძოლაში მოპოვებული ცხენი მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვინც მისი ძველი პატრონი მოკლა.

კხალასარი ერთდროულად არმიაცაა და მომთაბარე ტომიც. ცხენზე ჯდომა და ბრძოლა ყველა მამაკაცმა იცის. ქალები და მოხუცები ყველა ლაშქრობაში მიყვებიან მამაკაცებს. ვისაც სიარული არ შეუძლია გადახურული ურმებით გადაყავთ. რადგან ესოსში მუდმივად ცხელი კლიმატია და ზამთარი უბრალოდ არ არსებობს, დოთრაკიელებს სახლებიც კი არ გააჩნიათ და კარვებსა და ტენტების ქვეშ ცხოვრობენ.

ლაშქრობის დროს დოთრაკიელები არავის და არაფერს არ ინდობენ. ვინც წინააღმდეგობას უწევს ხოცავენ, ტყვეებს მონებად ყიდიან. ნადავლის ნაწილს წმინდა ქალაქ ვეის დოთრაკში აგზავნიან. ამას რაღაც შესაწირის სახე აქვს.

ვეის დოთრაკში სასტიკად იკრძალება იარაღის ტარება და სისხლის დაღვრა. ყველა, ვინც ამ წესს დაარღვევს სიკვდილით ისჯება. ამიტომ კლავს დროგო ვიზერისს თავზე გამდნარი ოქროს დასხმით - ანუ სისხლის დაღვრის გარეშე.

ვეის დოთრაკში მდებარეობს დიდი ბაზარი, სადაც ესოსის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან ვაჭრები. ძირითადი სავაჭრო საქონელი იარაღი და მონებია. ასევე ვეის დოთრაკში მდებარეობს ე.წ. დოშ კხალინი - შამანი ქალების საკრებულო, რომელშიც ყოფილი კხალისები შედიან.

ორივე სქესის დოთრაკიელები იცმევენ ტყავის ჟილეტებს პირდაპირ შიშველ ტანზე და ცხენის ძუისგან დაწნულ შარვლებს. წელზე ოქროს ქამრებს ატარებენ. იკვებებიან ძირითადად თაფლითა და წიწაკით შეზავებული ცხენის ხორცით. წამთ რომ ცხენის ხორცით მათ ცხენის ძალა გადაეცემათ. საყვარელი სასმელია კუმისი, მაგრამ ვაჭრებისგან შეძენილ ღვნოსაც დიდი პატივს სცემენ.

დოთრაკიელების მთავარი იარაღია მოხრილი ხმალი არაქხი. თუმცა მშვილდიდანაც კარგად ისვრიან. ასევე ძალიან კარგად ხმარობენ უსაშველოდ გრძელ მათრახს. მაგრამ ცხენებს არასოდეს არ ურტყამენ. მხოლოდ განზე იქნევენ და ატკაცუნებენ ცხენების მორჩილებაში მოსაყვანად. ბრძოლის დროს ასეთი მათრახით ცხენებისა და ადამიანების წაქცევაც შეუძლიათ.

რაიმე სახის აბჯრებისა და ფარების ტარება დოთრაკიელებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ. მედიცინა საკმაოდ პრიმიტიული აქვთ - შელოცვები, მცენარეული საცხები, დანა, ნემსი.

რადგან მთელ ცხოვრებას ღია ცის ქვეშ ატარებენ, დოთრაკიელები თვლიან, რომ მეომრის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ღია ცის ქვეშ უნდა მოხდეს - ქორწილი, სექსი, მშობიარობა, დაკრძალვა და ა.შ. ცოდვა და სირცხვილი - ასეთი ცნებები დოთრაკიელებისთვის საერთოდ არ არსებობს.

ცხენი მათთვის წმინდა ცხოველია. მაგრამ სახელებს არ არქმევენ. ცხენების გარდა, დოთრაკიელები ეთაყვანებიან მზეს და მთვარეს, რომელთაც ქმარს და ცოლს უწოდებენ. ვარსკვლავები კი მათი ციური ცხენების რემებია, რომლებიც ყოველ ღამე ცაზე დაქრიან.

დოთრაკიელისთვის სტეპში ფეხით გადაადგილება უდიდესი სირცხვილია. ბავშვებს ცხენებზე მანამდე სვამენ სანამ ისინი სიარულს ისწავლიან. თუ ბავშვი მანამდე მოკვდა, სანამ ცხენის ტარებას ისწავლის, ის ცაზე ვერ მოხვდება. დოთრაკიელი, რომელიც თუნდაც ერთხელ ვარდება ცხენიდან, კხალი ვერასოდეს გახდება.

დოთრაკიელები ვერ იტანენ ზღვას და მარილიან წყალს მოწამლულად თვლიან, რადგან ცხენები ასეთ წყალს არ სვამენ. ყველა სხვა ხალხებს, რომლებიც ზღვით გადააადგილდებიან, უნდობლად უყურებენ, ხოლო ზღვის იქითა ვესტეროსს ყურადღების ღირსადაც არ თვლიან.

სპეციალურად ამ სერიალისთვის პროფესორმა David J. Peterson-მა, ენების შექმნის საზოგადოებიდან (Language Creation Society) შექმნა დოთრაკიელების ენა. რასაკვირველია, მარტინის მონაწილეობით. პეტერსონმა კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც 35 სხვადასხვა ენათმეცნიერი მონაწილეობდა.

Advertisement