A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

შვიდეული(The Seven) ვესტეროსის გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გავრცელებული კულტია დაthumb|332px|შვიდეული და ახალი ღმერთების სიმბოლო შვიდქიმიანი ვარსკვლავი ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს. ხალხმა შვიდეულის თაყვანისცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ესოსიდან გადმომჯდარმა ანდალებმა პირველები და ტყის შვილები ჩრდილოეთისკენ შეავიწროვეს და კონტინენტის დიდ ნაწილზე გაბატონდნენ. დროთა განმავლობაში, დამპყრობლებმა სამხრეთ ვესტეროსში მთლიანად გაჩეხეს ძველი ღმერთების წმინდა ჭალები, თავიანთი ახალი ღმერთები კი გამარჯვებულებად გამოაცხადეს. ძველი ღმერთების კულტი მხოლოდ ჩრდილოეთში შემორჩა.

ახალი რელიგია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ის შემდეგმა დამპყრობლებმა, ტარგარიენებმაც კი მიიღეს. ახალი რწმენა მორწმუნეებს სიქველეს, ფიცისადმი ერთგულებასა და გულმოწყალებას ავალდებულებდა. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ვესტეროსში შვიდეულის კულტის გავრცელებას მოყვა, იყო რაინდების კასტის შექმნა, საზოგადოებაში რაინდული კოდექსისა და ტრადიციების დამკვიდრება.

ღმერთის შვიდი განსახიერება

შვიდეულის კულტი უფრო მონოთეისტური რელიგიაა ვიდრე პოლითეისტური. კულტის შემადგენელი ნაწილი, შვიდი ღმერთი სინამდვილეში ერთი ყოვლისმომცველი, შეუცნობელი ღმერთის განსახიერებაა და ადამიანებისა და სამყაროს სხვადასხვა საქმიანობებსა და მოვლენებს შესაბამება:

მამა- გამოსახავენ საშუალო ასაკის, წვერებიან და გვირგვინოსან მამაკაცად. ის მეფეების და ლორდების მფარველია, სამართლიანობისა და კანონის განსახიერებას წარმოადგენს. მამის მცნებაა - ”იყავი სამართლიანი”. მისი სიმბოლოა გვირგვინი.

დედა - მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილ, საშუალო ასაკის მომღიმარ ქალად გამოსახავენ. დედობისა და ნაყოფიერების განსახიერებაა, მფარველობს ქალებს და ყველას, ვინც ბავშვებზე ზრუნავს. მისი მცნებაა - ”იყავი გულმოწყალე”. მისი სიმბოლოა ფიალა.

მჭედელი - გამოსახავენ ფიზიკურად ძლიერ, ტყავის წინსაფარში გამოწყობილ მამაკაცად, რომელსაც ხელში მწედელის ურო უჭირავს. ფიზიკური სიძლიერისა და შრომისმოყვარეობის განსახიერებაა. მფარველობს ხელოსნებსა და ნებისმიერი მშვიდობიანი პროფესიებით დაკავებულ ადამიანებს. მისი მცნებაა - ”იყავი შრომისმოყვარე”. მისი სიმბოლოა მჭედლის ურო.

ქალწული - გამოსახავენ გაშლილთმებიან ახალგაზრდა გოგონად. ითვლება სილამაზისა და ქალწულებრივი სიწმინდის განსახიერებად. მფარველობს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, შეყვარებულებსა და გაუთხოვარ გოგონებს. მისი მცნებაა - ”იყავი წმინდა საქმეებსა და აზრებში”. მისი სიმბოლოა ყვავილი(ყველაზე ხშირად ვარდი).

მეომარი - გამოსახავენ მრისხანე გამომეტყველების, აბჯარასხმულ და მახვილით შეიარაღებულ მამაკაცად. მფარველობს მეომრებს. მისი მთავარი მცნებაა - ”იყავი მამაცი”, სიმბოლო - მახვილი.

დედაბერი - გამოსახავენ ხნიერ ქალად კვერთხითა და ლამპარით. ქალური მოთმინებისა და მხოლოდ წლებთან ერთდ შეძენილი სიბრძნის განსახიერებაა. მისი მცნებაა ”პატივი ეცი სიბრძნეს და ხნიერებას”. მისი სიმბოლოა ლამპარი ან სანთელი.

შეუცნობელი - სხვადასხვანაირად გამოსახავენ. ყველაზე ხშირად, როგორც კაპიშონიან მანტიაში გახვეულ ფიგურას, რომლის სახის დანახვაც შეუძლებელია და რომელიც არც ქალია და არც კაცი. განასახიერებს სიკვდილს, მისტიკასა და ყველაფერს აუხსნელს. მისი მცნებაა - ”გახსოვდეს სიკვდილი”, სიმბოლო - ქვიშის საათი.

შვიდეულის კულტის მთავარი წმინდა წიგნია ”შვიდქიმიანი ვარსკვლავი”, მთავარი სიმბოლოც შვიდქიმიანი ვარსკვლავია. რელიგიას ჰყავს თავისი წინასწარმეტყველები და წმინდანები, მაგალითად, ”მეფე-სეპტონად” წოდებული ბეილორ ტარგარიენი, რომლის ქანდაკებაც აღმართულია დედაქალაქის მთავარ მოედანზე მისივე სახელობის სეპტის(ეკლესიის) წინ.

ტაძრები და სიმბოლოები

შვიდეულის ეკლესიებს სეპტა ეწოდება. სეპტა წარმოადგენს შვიდკუთხედ შენობას, რომლის თითოეულ კუთხეში თითო ღმერთის ქანდაკება, ხოლო ცენტრში მთის ბროლისგან დამზადებული კრისტალი დგას. ყველა სეპტას თავზე სამრეკლო აქვს, საიდანაც მოსახლეობას ზარების რეკვით ატყობინებენ მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. ღვთისმსახურება სურნელოვანი საკმეველების დანთების თანხლებით რელიგიური ჰიმნების შესრულებისა და წმინდა ტექსტების კითხვისგან შედგება. ლოცვების დროს მიღებულია შესაბამისი ღმერთის წინ სანთელის დანთება და მუხლმოყრილი ლოცვა. ვინაიდან სეპტა წმინდა შენობაა, შიგნით იარაღით შესვლა და სისხლისღვრა მასთან სიახლოვესაც კი დიდ მკრეხელობად ითვლება. სეპტებში ხდება მეფეების კორნაცია, რაინდებად შერაცხვა, აღთქმებისა და ფიცის დადება.

სეპტონები

კულტის მსახურებს სეპტონები(მამაკაცებს) და სეპტები(ქალებს) ეწოდებათ და მათ შორის უფლებრივი განსხვავება არ არსებობს. სეპტონები რელიგიური ცერემონიების შესრულების დროს თეთრი ფერის მანტიებით იმოსებიან, მაგრამ ყოველდრიურ ცხოვრებაში შეუძლიათ ჩვეულებრივი საერო ტანსაცმელიც ატარონ. თუმცა ასეთ დროს მათ შვიდქიმიანი გამჭვირვალე კრისტალის ტარება ევალებათ, რათა ადვილად გამოირჩეოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან. არ ეკრძალებათ საერო პროფესიებით დასაქმება და სახელწიფო თანამდებობების დაკავება.

სეპტონები და სეპტები ატარებდენ ჯვრისწერას, ნათლავენ ბავშვებს, აპატიოსნებენ მიცვალებულებს, აკურთხებენ ნებისმიერ წამოწყებას, იღებენ აღსარებებს, მაგრამ ქრისტიანული ტრადიციისგან განსხვავებით, ცოდვების შენდობას არ იძლევიან. ისინი მხოლოდ ისმენენ აღსარებას და ადამიანებს რჩევებით ეხმარებიან სწორ და არასწორ საქციელში გარკვევაში, თუმცა აღსარების საიდუმლოს შენახვა ევალებათ.

ყველა სეპტონი და სეპტა უზენაეს სეპტონს ემორჩილება, რომელიც ერთდროულად დედაქალაქის მთავარი სეპტის, ბეილორის სეპტის მთავარი მსახურია. მკერდზე კრისტალის გარდა, მთავარი სეპტონი ძვირფასი თველით მორთული დაწნული ოქროს ტიარასა და ძვირფას ბეჭედს ატარებს. ჩვეულებრივი სეპტონისგან განსხვავებით, უზენაეს სეპტონს განსაკუთრებული უფლებები აქვს - მას შეუძლია ადამიანი ნებისმიერი აღთქმისგან გაათავისუფლოს, მათ შორის საქორწილო ან მეისტერის აღთქმისაგანაც კი. ღამის გუშაგის აღთქმაზე ეს უფლება არ ვრცელდება.

ზოგადად, შვიდეულის ეკლესია საერო ხელისუფლებისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზაციაა.

ორდენები

შვიდეულის კულტის შიგნით არსებობს ორდენები. ორდენებში ერთიანდებიან მორწმუნეები, რომლებიც ღმერთის ერთ რომელიმე განსახიერებას განსაკუთრებით ეთაყვანებიან. მაგალითად, მჭედელის ორდენია ”ყავისფერი ძმები”, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი და სეპტრიები(მონასტრები) ტირელების ოჯახის მიწებზე აქვთ. დედის ორდენს ”დედის სახლი” ეწოდება და ოლდთაუნთან მდებარეობს. მისი წევრები ობოლ ბავშვებს იფარებენ.

ვესტეროსში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ცნობილია ქალთა ორდენი ”მდუმარე დები”. მათი მთავარი საქმიანობა გარდაცვლილებზე ზრუნვა, მათი გაპატიოსნება და დაკრძალვაა. ისინი ”შეუცნობელის მეუღლეებადაც” იწოდებიან და ორდენში გაწევრიანებისას დუმილისა და თავშეკავების აღთქმას დებენ, სამაგიეროდ კი ყოველგვარი დანაშაულის გამოსყიდვის გარანტიას იღებენ, ისევე როგორც ეს მამაკაცების ღამის გუშაგებში გაწევრიანებისას ხდება.

ტარგარიენების მიერ ვესტეროსის დაპყრობის პირველ წლებში შვიდეულის კულტის შიგნით გასამხედროებული ორდენებიც არსებობდა. რაინდები ”მეომრის შვილების” ორდენში იყვნენ გაერთიანებულები, უბრალო ხალხი კი ”ღარიბი ძმების” ორდენში, სხვანაირად მათ ”ვარსკვლავებსაც” უწოდებდნენ, რადგან მკერდზე შვიდქიმიანი ვარსკვლავის სვირინგს ატარებდნენ. მეიგორ ტარგარიენის მეფობის დროს გასამხედროებულმა ორდენებმა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს. საპასუხოდ, მეფემ ორივე ორდენი აკრძალა და მისი თითოეული წევრის მოკვეთილი თავისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. შემდეგი მეფის, ჯაიჰერისის დიპლომატიური ნიჭის წყალობით, ორივე ორდენმა იარაღი დაყარა და არსებობა შეწყვიტა.

მოხეტიალე უპოვარნი

სეპტონთა და ორდენებში გაერთიანებულების გარდა, არსებობს მორწმუნეთა კატეგორია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო სეპტონებად კურთხევაზე უარს აცხადებს და მსახურების სხვა ფორმას, მოხეტიალე მქადაგებლობას ირჩევს. ისინი ძირითადად მათხოვრობით ირჩენენ თავს. მათი ცნობა ყელზე ჩამოკიდებული სამათხოვრო ფიალით შეიძლება.

Advertisement