A Song of Ice and Fire Georgian Guide Wiki
Advertisement

მეისტერების ორდენი აერთიანებს ვესტეროსში ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დახელოვნებულ სწავლულებს გარდა ომის (ლორდების მოვალეობა) და რელიგიისა(სეპტონების მოვალეობა). ფაქტიურად ეს არის მეცნიერებისა და ექიმების ორდენი, რომელიც ემსახურება ვესტეროსის ყველა წარჩინებულ ოჯახებს. ნებისმიერ, ყველაზე ღარიბ ლორდსაც კი, ციხესიმაგრეში თავისი მეისტერი ჰყავს. მეისტერისთვის უდიდეს ღირსებად მორჩილება ითვლება, ხოლო მსახურება - უმაღლეს პატივად.

ორდენის ცენტრი, ერთგვარი უნივერსიტეტი, სადაც მეისტერებს ამზადებდნენ, არის ე.წ. ციტადელი ქალაქ ოლდთაუნში(Старомест), რომელიც ტირელების ვასალი ჰაიტაუერების წარჩინებულმა ოჯახმა ააშენა და მისი დაცვის მოვალეობა იკისრა. იმ დღიდან ჰაიტაუერები "ციტადელის დამცველებად" იწოდებიან.

მეისტერის ორ უმთავრეს მოვალეობად საფოსტო ყვავების მოვლა და ექიმობა ითვლება. ვესტეროსში საფოსტო ყვავები კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ნებისმიერი ლორდი თავისი მეისტერისგან გებულობს უახლეს ამბებს და მისივე მეშვეობით შეუძლია საჭიროების შემთხვევაში საკუთარი არმიისა და ვასალების მობილიზაცია. სნეულებებში, სამკურნალო მცენარეებსა და ქირურგიაში განსწავლული მეისტერი ვალდებულია მთელი თავისი ცოდნა ლორდის, მისი ოჯახის წევრებისა და მსახურების სამკურნალოდ გამოიყენოს.

გარდა ამისა, მეისტერი ლორდის უახლოესი პოლიტიკური მრჩეველიცაა და მის არყოფნაში სწორედ ის ასრულებს ლორდის მოვალეობას. მართვასა და ფინანსურ საკითხებში გარკვეულ მეისტერს ეკისრება კასტელანის - გადასახადის ამკრეფის, ციხე-სიმაგრის მოურავის და სხვადასხვა სამუშაოების მაკონტროლებელის მოვალეობის შესრულებაც. იგივე განაგებს ციხე-სიმაგრის ბიბლიოთეკას და აწარმოების ლორდის საგვარეულო მატიანეს.

ეს მოვალეობები მეისტერს საკმაოდ მნიშვნელოვან და გავლენიან ფიგურად აქცევს. მან თავისი ლორდის ყოველი საიდუმლო იცის და მის ერთგულებას ნებისმიერი ლორდისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მეისტერს მსახურების ადგილის შეცვლის უფლება არა აქვს. ის მთელი სიცოცხლე იმ ლორდის ციხე-სიმაგრეში მოღვაწეობს, სადაც პირველად და უკანასკნელად გაანაწილეს. უფრო მეტიც, ლორდის ციხე-სიმაგრე მტერმაც რომ აიღოს, მეისტერს ფიცი ავალდებულებს უმკურნალოს ახალ ბატონს, შეატყობინოს მას ახალი ამბები და თუ მოთხოვენ, რჩევითაც დაეხმაროს.

ორდენში მხოლოდ მამაკაცებს ღებულობენ. წარმოშობას მნიშვნელობა არა აქვს. იმისათვის, რომ მეისტერი ვერცერთმა ლორდმა ვერ დაიწუნოს, ორდენში მიღების პრეტენდენტი უარს ამბობს თავის წარმოშობაზე, საკუთარ გვარზე, მემკვიდრეობაზე, ნებისმიერ პრივილეგიაზე და საერთოდ მთელს თავის წარსულზე. მემკვიდროების დაქუცმაცების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, წარჩინებული ოჯახებიდან ორდენში ხშირად იგზავნებიან უმცროსი შვილები.

პრეტენდენტი თავიდან მოწაფის სტატუსს ღებულობს. როდესაც ყვავების მოვლას ისწავლის, მოწაფეს სრულ სიბნელეში აკლდამაში კეტავენ, ობსიდიანის ჩამქვრალ სანთელს უტოვებენ და დილამდე სანთლის ანთებას ავალებენ. სინამდვილეში, სანთელის ანთება შეუძლებელია. ეს მხოლოდ რიტუალია, რომელმაც მოწაფეს უნდა ასწავლოს, რომ ცოდნა ისეთივე ფაქიზია, როგორც ობსიდიანის სანთელი, მაგრამ ამავე დროს ისეთივე საშიშია, როგორც ობსიდიანის სანთლის ბასრი წახნაგები. ამ რიტუალის შემდეგ, მოწაფე კანდიდატი ხდება და მეისტერის აღთქმას დებს.

აღთქმის შემდეგ იწყება სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლა. თითოეული მეცნიერების სრულყოფილად დაუფლების შემდეგ, მეისტერი შესაბამისი მეტალის რგოლს ღებულობს, რომელსაც მთელი ცხოვრება კისერზე ყელსაბამად ატარებს. ნებისმიერ მეისტერს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია განაცხადოს, რომ სწავლის გაგრძელება აღარ სურს და განაწილება მოითხოვოს. მაგრამ რაც უფრო მეტი აქვს მეისტერს რგოლი, მით უფრო უკეთეს ოჯახში აღმოჩნდება და მით უფრო მეტი პატივით ისარგებლებს.

მეისტერების ორდენის ციტადელს განაგებს კონკლავი, რომელიც არქიმეისტერებისაგან შედგება და სენეშალი თავმჯდომარეობს. სენეშალს არქიმეისტერებისგან ირჩევენ 1 წლის ვადით. კონკლავი ასევე ირჩევს დიდ მეისტერს(Великий Мейстер), რომელიც მეფის მთავარი მრჩეველის(დიდი მეისტერი პიცელი) მოვალეობას ასრულებს. არქიმეისტერი ხდება ისეთი მეისტერი, რომელიც ერთ რომელიმე დისციპლინაში დიდ სიმაღლეებს აღწევს. არქიმეისტერად გახდომისას მეისტერი იღებს არქიმეისტერის ნიღაბს, ბეჭედს და ჯოხს. კონკლავის მოვალეობაში შედის წელიწადის დროთა ცვლილებების შესახებ მეფისა და ლორდების ინფორმირება და სხვადასხვა სეზონის ხანგრძლივობის შესახებ პროგნოზების გაკეთება, რათა ვესტეროსის მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სამუშაოების დაგეგმვა და ზამთრისთვის მომზადება შეძლოს.

მეისტერის ყელსაბამში სულ 15 რგოლი შეიძლება იყოს. ყელსაბამის თითო რგოლი მესტერის მიერ თითო დაუფლებული დისციპლინის სიმბოლოა. სამწუხაროდ, IV წიგნის ჩათვლით ყველა დისციპლინა არ არის ცნობილი.

თუჯი - ყვავების მოვლის ხელოვნება;
ლატუნი -
ბრინჯაო - ასტრონომია;
სპილენძი - ისტორია;
ოქრო - ფინანსები, ეკონომიკა;
რკინა - სამხედრო ინჟინერია;
ტყვია -
მქრალი ფოლადი (Dim Steel) - მჭედლობის ხელოვნება;
კალის და ტყვიის შენადნობი -
პლატინა -
წითელი ოქრო -
ვერცხლი - მედიცინა;
ფოლადი -
კალა -
ვალირიული ფოლადი - მაგია და მისტიკა - უმაღლესი ხელოვნება.

მაგიასა და დრაკონებს შორის მისტიური კავშირის არსებობის გამო დრაკონების გადაშენების შემდეგ ვესტეროსში მაგია გაქრა. ამიტომ მეთხუთმეტე რგოლს მთელს ვესტეროსში მხოლოდ რამდენიმე მხცოვანი მეისტერი ატარებს. ესენი არიან კედლის მეისტერი ეიმონი(ტარგარიენი), არქიმეისტერი მარვინ მაგი და ვინტერფელის მეისტერი ლუვინი. რობერტ ბარათეონის მეფობის დროს მეისტერები უკვე უარყოფითად იყვნენ განწყობილი მაგიის მიმართ, რადგან ამ დისციპლინის დაუფლების უნარი და საშუალება უკვე აღარ გააჩნდათ. ვესტეროსში ჭორიც კი დადიოდა, რომ თითქოს ბოლო დრაკონი მეისტერებმა მოწამლეს.

მაგიისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ციტადელში ინახება ობსიდიანისგან დამზადებული 4 მაგიური ვალარიული სანთელი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერ მანძილზე ნებისმიერი მოვლენის დანახვა, საუბარი სხვა ადამიანთან თუ მასაც აქვს ასეთი სანთელი და სხვა ადამიანების სიზმრების დანახვა და მართვაც კი.

მეისტერები შავ ყვავებთან ერთად, ციტადელში ზრდიან ალბინოს ყვავებსაც. მათ ცალკე ინახავენ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ. მაგალითად, როდესაც წელიწადის ერთი დროის მეორეთი შეცვლის შესახებ ატყობინებენ ვესტეროსის წარჩინებულ ოჯახებს.

Advertisement